27.04.2012
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დღეს მცხეთას ესტუმრა, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას - რეგიონის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა. დავით ტყეშელაშვილი იმ პროექტების მიმდინარეობის პროცესით დაინტერესდა, რომლებიც ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. საუბარი მცხეთის რეაბილიტაციის პროექტსაც შეეხო, რომლის მეოთხე ეტაპი უკვე დაიწყო.
„ჩვენ ვიწყებთ რეგიონებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის პროცესს. ეს საჭიროა ჩვენი სოფლების, რაიონების, რეგიონების განვითარებისთვის. ამას გარდა, ეს არის დასაქმების პროგრამები. მხოლოდ 2012 წლის განმავლობაში დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რეგიონებში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციების სახით, დაახლოებით, 200 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხით უამრავი სკოლა გარემონტდება, აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, ბევრ სოფელს მოუწესრიგდება წყალმომარაგება, გაკეთდება გზა. მიმდინარეობს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაც. თქვენ იცით რა პროცესებია მცხეთაში და რამდენად მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უამრავი პროექტი ხორციელდება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება, ერთი მხრივ, ხალხის დასაქმებას, ხოლო, მეორე მხრივ, მათთვის უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას “, - აღნიშნა დავით ტყეშელაშვილმა.
ამავე მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მცხეთიდან გორში გაემგზავრა და შიდა ქართლში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოისმინა. დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, შიდა ქართლში 2012 წელს მიმდინარე პროექტებს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე კერძო ინვესტიციების გათვალისწინებით 300-350 მილიონი ლარი მოხმარდება. იმ პროექტებს შორის, რომლებიც შიდა ქართლში ხორციელდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გორის ძველი უბნის რეაბილიტაცია, რომელიც სექტემბერში დასრულდება.
ქვეყანაში მიმდინარე პროექტების მონიტორინგი დღეს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან დაიწყო და ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.