ადმინისტრაციის სიახლეები

02.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი რაჭას ესტუმრა

ქვეყანაში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დღეს რაჭას ესტუმრა და რაიონის გუბერნატორსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ იმ პროექტების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს, რომლებიც 2012 წელს რეგიონში უნდა განხორციელდეს.

დავით ტყეშელაშვილი, უპირველესად, ნიკორწმინდაში ჩავიდა და ადგილობრივებს სოფელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ესაუბრა. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, მან დაპირება შეასრულა - ნიკორწმინდაში წყალგაყვანილობის სრულიად ახალი სისტემა დამონტაჟდა და ამიერიდან წყალი ყველა ოჯახს მიეწოდება. ამას გარდა, იგი გაზიფიკაციის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, 2013 წლის დამლევამდე კიდევ ერთი დანაპირები შესრულდება, რომელიც პრეზიდენტის პროგრამის „გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში, მთელი რაიონის გაზიფიკაცია ითვალისწინებს.

„ჩემი დაპირება შევასრულე - წყალი უკვე ყველგან გვაქვს და შედეგიც სახეზეა. თანაც მთავარია ის, რომ წყალი საერთო კი აღარ არის, ყველას საკუთარ ეზოსა და სახლში აქვს. პროექტის მთავარი ამოცანაც ეს იყო. მეორე დაპირება რეგიონის სრულ გაზიფიცირებას ითვალისწინებს და 2013 წლისთვის შესრულდება“, - აღნიშნა დავით ტყეშელაშვილმა მათთან საუბრისას.  

მოსახლეობასთან შეხვედრისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება ტურისტული პოტენციალის ათვისების თაობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. მისი თქმით, ამბროლაურის რაიონი დიდ ტურისტულ ცენტრად  უნდა იქცეს და ამ მიზნით, სექტემბერში რაჭული ფესტივალიც მოეწყობა. დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს რეგიონში უმუშევრობის პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს.

დავით ტყეშელაშვილი დასაქმების საკითხსა და ამ მხრივ, რეგიონის პერსპექტივებსაც შეეხო. მან განაცხადა, რომ ამბროლაურში მალე "საქართველოს ბანკის" ახალი ოფისი გაიხსნება. ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ამბროლაურში უკვე გაიხსნა სპორტული კომპლექსი, ახლა კი საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს. სპორტული ობიექტების გახსნა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ადგილობრივი ახალგაზდობის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს. 

ამას გარდა, დავით ტყეშელაშვილი საირიგაციო სისტემის პრობლემის  მოგვარების თემასაც შეეხო. მოსახლეობას იგი წყალსადენის ახალი პროექტის განხორციელების შესახებ ესაუბრა, რომელიც სოფელ ჭრებალოში 3 მაისიდან იწყება და სარწყავი სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამბროლაურის ცენტრში, ასევე, იწყება სოფლის მეურნეობის სერვისცენტრის მშენებლობა, რომელიც გლეხებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და საჭირო კონსულტაციებს გაუწევს. 

ნიკორწმინდაში უკვე დამონტაჟდა გარე-განათების ახალი სისტემები და დასრულდა მოსახლეობის გამრიცხველიანება. გარემონტდა სოფლის სკოლა, კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი და ამბულატორია, შენდება ახალი სპორტული მოედანიც. ნიკორწმინდის გარდა, რაიონში კიდევ ექვსი სკოლის განახლება მიმდინარეობს, რომელთა შორის ერთ-ერთი სამხატვრო სასწავლებელია.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნიკორწმინდიდან ამბროლაურში გაემგზავრა, სადაც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის გამგებლებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების  განვითარების გეგმები განიხილა.

„რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რაიონებში, 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, სახელმწიფო და ისე კერძო ინვესტიციების საერთო რაოდენობა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ეს თანხა ახალი ჰიდროელექტროსადგურებისა და გზების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და სხვა პროგრამების განხორციელებას მოხმარდება. ყველა ეს პროექტი ჩვენი სოფლებისა და რაიონების განვითარებისაკენ, ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ამ პროექტის მიღმა უამრავი დასაქმებული მოქალაქე დგას“, - განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა.

რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებზე მხოლოდ რეგიონული განვითარების ფონდიდან 15 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება, რასაც კერძო ინვესტიციებიც დაემატება; სოფლის განვითარების პროგრამის  მხარდასაჭერად კი, მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყოფა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code