ადმინისტრაციის სიახლეები
10.07.2012
დავით ტყეშელაშვილმა შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დღეს შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი წარადგინა. ამ თანამდებობაზე გიორგი ტატიშვილი სულხან სიბაშვილმა შეცვალა, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. როგორც დავით ტყეშელაშვილმა აღნიშნა სულხან სიბაშვილის ხელმძღვანელობით, მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა, ამიერიდან, მისი მთავარი მიზანი შიდა ქართლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, უმუშევრობის დაძლევა და იმ საკითხების მოგვარება იქნება, რომელიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და სოფლის მეურნეობას უკავშირდება.
„შიდა ქართლის მოსახლეობას ახალ გუბერნატორს - სულხან სიბაშვილს წარვუდგენთ. მისი მთავარი ამოცანა არის ის, რომ თქვენთან ერთად გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც შიდა ქართლში ადგილობრივებს აწუხებს. მან უნდა იბრძოლოს იმ უმთავრესი გამოწვევების წინააღმდეგ, რომელთა წინაშე ჩვენი ხალხი დგას, მათ შორის, შიდა ქართლში. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს, უპირველესად, უმუშევრობა და ის პრობლემებია, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ასევე სოფლის მეურნეობას უკავშირდება. ჩვენთვის ეს ახალი შესაძლებლობაა, რათა ახალი ხელმძღვანელის პირობებში, ჩვენი ქვეყნის წარმატებები, ხალხთან მივიტანოთ - თითოეულმა ოჯახმა ეს საკუთარი კეთილდღეობით იგრძნოს და შევეცადოთ, რომ ყველამ, მათ შორის, აქ, შიდა ქართლში მეტი სარგებელი ნახოს იმ წარმატებებისგან, რომლებსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია“, - განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა.