საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
,,საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შიდა დეესკალაცია, ამ მხრივ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა ნაბიჯები და პოლიტიკურ ძალებს საკონსტიტუციო ცვლილება შესთავაზა.
საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას აფასებს დადებითად, იმდენად რამდენადაც, აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას და ხელს უწყობს ქვეყანაში დეესკალაციას.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პროცესების პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში გადასაყვანად, ასევე აუცილებელია თბილისში განვითარებული მოვლენებისას გამოვლენილი ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების მაქსიმალური ინფორმირება და მათი ჩართულობის გაზრდა, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ჩვენს ქვეყანაში დაცულია ყველა უცხოელი სტუმრის უსაფრთხოება მიუხედავად ეთნიკური ნიშნისა.
სტუმართმოყვარეობა არის საქართველოს ღირსება და ტრადიცია.
ამ კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას, რომელმაც თავის მხრივ, სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს კურსს ევროპისკენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლონელ კოლეგას პოლონელი ტურისტების დაინტერესებისკენ, ესტუმრონ საქართველოს. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს.
საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს შეხვდეს საქართველოს მთავრობას რომ განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის როლი იმ დახმარების ფარგლებში, რომელიც უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას”, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.