საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს მედიისათვის ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო იმ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის საკითხს, კიბერუსაფრთხოებასა და სასკოლო ექსკურსიებზე უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტის საჭიროებას ეხება.ხატია მოისწარფიშვილმა მედიას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე მოსული მისალოცი წერილები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცეს: აზერბაიჯანის, უკრაინის, ესტონეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბულგარეთის, ფინეთის, შვეიცარიის კონფედერაციის, კუბის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, მალტისა, სხვა ქვეყნების პრეზიდენტებმა, რომის პაპმა ფრანცისკემ, ბელგიის მეფემ ფილიპემ და სხვებმა.
,,აღსანიშნავია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გზავნილი, სადაც ნათქვამია, რომ ხშირად რთულ რეგიონულ კონტექსტსა და პოლიტიკურ ვითარებაში, დამოუკიდებელმა საქართველომ შეძლო დროის მოკლე პერიოდში გამხდარიყო დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც პატივს სცემენ. საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო შეძლებს, შემდგომ წლებში გააგრძელოს მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღება მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის, და ამავდროულად, გააგრძელებს კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და თავისი დემოკრატიული კულტურის გამყარებას. ემანუელ მაკრონი დასძენს, რომ ამ ყოველივეში საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. საფრანგეთმა და საქართველომ განავითარეს განსაკუთრებული, ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კავშირი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ნდობასა და მეგობრობაზე და რომელიც, დღეს, თვით თქვენს მიერ გამოვლილი გზით განსახიერდება.
ეს ძალიან მახარებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამილახვრის სახელობის სტრუქტურული დიალოგი, რომელიც ჩვენ, გასულ თებერვალს, პარიზში თქვენი ვიზიტისას დავაფუძნეთ, საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი ყველა სფეროში გამოვიყენოთ, - აღნიშნავს გზავნილში ემანუელ მაკრონი”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისი განცხადებით, კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის მაისი ძალზე მნიშვნელოვანი თვეა. დღეს რესპუბლიკის დღეს ზეიმობს საქართველოს მეგობარი და მოძმე ქვეყანა - აზერბაიჯანი. ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენს მოძმე ერს - აზერბაიჯანელ ხალხს. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ვულოცავთ ისრაელის სახელმწიფოს და ჩვენს მეგობარ ისრაელელებს დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე, და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე, ასევე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გულიკო ჩაფიძე დაჯილდოვდა თამარ მეფის ორდენით, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის გაწეული დახმარებისთვის, ორგანიზაცია ISRAELI FLYING AID-ის ხელმძღვანელი გალიტ ლუსკი. რაც ეხება დავით გარეჯის საკითხს თემას, ცნობილია, რომ მუშაობა განაახლა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ორ ათეულ წელზე მეტია გაყინულია და როგორც მოსალოდნელი იყო, გააქტიურდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები ამ საკითხის ირგვლივ.
მათ შორის, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, გაკეთდა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადება.
,,მინდა შეგახსენოთ ყველა ის განცხადება, რომელიც დავით-გარეჯის თემაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთდა: პირველი განცხადება აზერბაიჯანში, ოფიციალური ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად გამართული პრესკონფერენციიდან: - გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი.ნორმალურია, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი დასრულდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ამ მიღებისთვის, მე მჯერა და ვისურვებდი, რომ ეს არის საწყისი ახალი და მჭიდრო ურთიერთობების და მეგობრობის. ამ იმედით მინდა დავასრულო ჩემი პირველი გამოსვლა. მეორე განცხადება, რომელიც ,,ევროპა ნოსტრას“ ექსპერტებთან ერთად, პრეზიდენტის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებისას გააკეთა: - ამოვედი დავით გარეჯის ზედა ნაწილში ,,ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად, დავათვალიერეთ კლდის ნახატები და ფრესკები ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს. და მესამე განცხადება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა:- საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. აუცილებელია, ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა.
მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები. როგორც კიბერ უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გარანტიების შექმნა, საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიაჩნია. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი მუდმივად მართავს კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს, პრეზიდენტ მაკრონტან მიღწეულია შეთანხმება, საფრანგეთსა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების თაობაზე. ,,ამ კონტექსტში, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური მდივნის მოადგილე, გენერალი ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონი იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო საერთო ინტერესის სფეროში აქტორთა იდენტიფიკაცია და თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა. განისაზღვრა კიბერუსაფრთხოების არეალში ის მთავარი მიმართულებები, სადაც, საქართველოსა და საფრანგეთს შორის, თანამშრომლობას გავაძლიერებთ”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კვირას, სასკოლო ექსკურსიის დროს დაღუპული მოზარდის ოჯახს. „ამავე დროს, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მომავალი თაობა ეცნობოდეს და სწავლობდეს ჩვენს ქვეყანას, მის ღირშესანიშნაობებს, მაგრამ ამავე დროს, ასევე უმნიშვნელოვანესია სრულად იყოს დაცული მოზარდი თაობის უსაფრთხოება. უკანასკნელი 2 წლის სტატისტიკა ექსკურსიებზე დაღუპული და დაშავებული სკოლის მოსწავლეების შესახებ საკმაოდ შემაშფოთებელია. ამიტომაც აუცილებელია, ასეთ დროს უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით ვიხელმძღვანელოთ. ეს ეხება პირველ რიგში მოსწავლეებს, თუმცა ასეთი რეგლამენტი საჭიროა მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნის ვიზიტორებსაც“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.