საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე მედიას პრეზიდენტის განცხადება გააცნო, როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წელი შესრულდა.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ულოცავს საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს, ასევე მთელს საქართველოს, ამ მნიშვნელოვან თარიღს.
ამასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებაში, რომელიც ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება. თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ცერემონია, ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის, გვირგვინებით შემკობით დაიწყება.
ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაში, ევროსაბჭოს როლის შესახებ, საკითხები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ამ მიმართულებით, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
საუბარი შეეხო ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს -სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დასვა, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გაძლიერების საკითხი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა, აღნიშნული ფორმატის მაღალ, პოლიტიკურ დონეზე აყვანა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც 7-8 მაისს პოლონეთში გაიმართება. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტთან, პრემიერთან, პოლონეთის სეიმისა და სენატის თავმჯდომარესთან.
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდება. დაგეგმილია ასევე, ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება