​საქართველოს პრეზიდენტი ვილნიუსში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად,  ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს ეწვია და ცენტრის  მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა და რომლებსაც ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა მოაწერეს.

განზრახულობათა დეკლარაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს
შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დეკლარაციის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, ნატო-მ და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხება ოპერატიული განზომილების სივრცეში აიყვანეს და ის, როგორც ხმელეთი და ზღვა ახალ, ოპერატიულ განზომილებად განიხილება, სადაც შესაძლოა, ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გარკვეული საფრთხეები შეექმნას კიბერშემოტევების შედეგად, ამიტომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთო სწავლებების ჩატარება. 

ლევან იზორიას განცხადებით, სწორედ, ლიეტვუაში არსებული კიბერთავდაცვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს სურს ამ მიზნების განხორციელება, რათა ჩვენი  კრიტიკული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იყოს დაცული კიბერშეტევებისგან.

დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში მუზეუმი -  ,,ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის  ხელმომწერთა სახლი" დაათვალიერა და ,,ლიეტუვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციას" გაეცნო.