საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

15 სექტემბერს საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადდა.

15 სექტემბერს ეროვნული პრემიის კომისიამ  და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიების პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

დამტკიცდა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიისა და  ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობები.

ეროვნული პრემიის კომისიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიას მწერალი როსტომ ჩხეიძე.

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად, ენიჭება ორ პირს, თითოეულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ასევე გაიმართა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის სხდომა. პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

ვაჟა-ფშაველას პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, ენიჭება ერთ პირს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

ეროვნული პრემიის კომისია 2020 წლის 15 სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 15/09/01 - საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისია 2020 წლის 15 სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 15/09/02 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ