პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა
საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა ორ ნომინაციაში:
პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი
- საკონკურსო ნაშრომის წარდგენისას ამავე ნაწარმოების ქართული თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა მთარგმნელის მიერ.
კონკურსის ეტაპები:
- უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ორივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს თითო კანდიდატს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
- საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატების დაჯილოების შესახებ.
კონკურსის ვადები:
- კონკური ცხადდება 2021 წლის 29 დეკემბერს.
- საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების და საბუთების უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 7-დან 18 თებერვლის ჩათვლით.
- საკონკურსო ნამუშევრები უნივერსიტეტში შექმნილ კომისიას გადაეცემა 2022 წლის 21 თებერვალს.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება 2022 წლის 14 მარტს.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს 2022 წლის 14 აპრილს.
- გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 23 აპრილს ორბელიანების სასახლეში
საკონტაქტო ინფორმაცია:
- კოორდინატორი: ირინე შენგელია - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში
- ელექტრონული მისამართი: info@president.gov.ge
- სატელეფონო ნომერი: (+995) 599 147 168