პრეზიდენტი - ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა, მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს!

მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს. ვიზიარებ ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას. ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლას პანდემიასთან, გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა.

მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა.

მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ.

ამ სამძიმარში მინდა გავაერთიანო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის მხარეს გარდაცვლილი, ბატონი დათა ვანიშვილი. ისიც იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს. 

გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს. 

მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა.

ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს!