პრეზიდენტის ინტერვიუ acistampa-სთან

ვატიკანში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის ორ მემორანდუმს, ერთი - კათოლიკური განათლების კონგრეგაციასთან და მეორე - კულტურის პონტიფიკალურ საბჭოსთან, რაც ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის დასაწყისია.

ფოკუსი საქართველო

საქართველოს პრეზიდენტთან გულითად შეხვედრაზე რომის პაპმა ფრანცისკემ არ დააყოვნა ხაზი გაესვა საქართველოს პატრიარქთან მისი პირადი ურთიერთობებისთვის, რამაც დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელი გახადა შემდეგი ნაბიჯების შემუშავება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 ივნისს, სამდღიანი ვიზიტით, პაპმა ფრანცისკემ პირადი აუდიენციისთვის მიიღო, რომელიც მხოლოდ წმინდა საყდარს ეძღვნებოდა, რაც იშვიათობაა სახელმწიფო მეთაურებისათვის, რომლებიც, როგორც წესი, ვატიკანში ვიზიტს იტალიასთან ორმხრივი ურთიერთობებისთვისაც იყენებენ.

პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ACI Stampa-სთან საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების ამ ახალ ეტაპზე გამოიკვეთა და რაც, ძირითადად, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობით ხასიათდება.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი - იმან, თუ როგორ ახასიათებს წმინდა მამა მის ურთიერთობას საქართველოსა და საქართველოს პატრიარქთან, რომელსაც ის „ღვთის კაცს“ უწოდებს და ახასიათებს, როგორც მასთან ყველაზე ახლოს მყოფ რელიგიურ ლიდერს. მე ვიცი, რომ პაპ​ ფრანცისკეს პატრიარქი ილია მეორე პიროვნულად ამ სიახლოვეს იმავეთი პასუხობს“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის წმინდა საყდართან ურთიერთობა გადამწყვეტია, რადგან საქართველო „ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ერია“. ამავე დროს, საქართველო არის ახალგაზრდა ერი, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მხოლოდ 1991 წლიდან დაიბრუნა და ამიტომ პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის „იმ ახალი თაობის განათლება, რომელიც საბჭოთა სისტემას არ იცნობს, ცხოვრობს ბევრად უფრო თავისუფლად, მაგრამ საჭიროა მისი ფორმირება, რომ ჰქონდეს მსოფლიოსთვის უფრო ღია და გახსნილი საერთაშორისო დონეზე უკეთ ცნობილი კულტურა“.

პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მის ქვეყანას ბევრი რამ აქვს მსოფლიოსთვის მისაცემი „თავისი კულტურითა და ცივილიზაციით და, შესაბამისად, თავი უნდა დაიმკვიდროს საერთაშორისო საზოგადოების, პირველ რიგში, ევროპის სრულუფლებიან წევრად, რომელთანაც იგი თავის ღირებულებებს იყოფს. ეს არის ერი, რომელსაც არ სურს თავის თავში ჩაკეტვა. მან იცის, რომ ის რთულ რეგიონში ცხოვრობს, სადაც მრავალსაუკუნოვანი დარბევების და ხშირი შემოსევების შემდეგ, „საქართველოს გადარჩენა სასწაულია“. მაგრამ - ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი - „ჩვენ გადავრჩით რწმენისა და ეკლესიის წყალობით, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფოს შენარჩუნებაში და მის დამოუკიდებლობაში; ასევე, თანაბრად ჩვენი ტოლერანტობის წყალობით, ისევე როგორც სხვა რელიგიური აღმსარებლობის სხვადასხვა იმპერიებთან ომის პერიოდში, რომლებიც ჩვენთვის უმცირესობებს წარმოადგენდენ, ეს უმცირესობები ყოველთვის იყვნენ თავისუფლები და მიღებულნი ჩვენს სახელმწიფოში“.

პრეზიდენტისთვის ეს ტოლერანტობა დღეს არსებითი პრინციპია, „რადგან, როდესაც ერს აქვს გარკვეული ტერიტორიები ოკუპირებული, დაყოფის სხვა ფორმები დაუშვებელია“.

პრეზიდენტი ტოლერანტობის თემას შეეხო პაპთან საუბრის დროსაც, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები; ეს უკანასკნელი კარგად არის ცნობილი პონტიფიკალური დიპლომატიისთვის და მას 2018 წელს ვატიკანის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ პოლ რიჩარდ გალაჰერი და 2019 წელს ვატიკანის სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინიც ეწვივნენ.

„მე აღვუწერე წმიდა მამას - ამბობს პრეზიდენტი - საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის საშინელი მდგომარეობა. სიტუაციას მუდმივად ამძიმებს ამ ხაზის ცვლილება, მძევლების ხშირი აყვანა, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები და ბოლოს პანდემია. მე მას დეესკალაციის ხელშესაწყობად პაპის დიპლომატიის მეშვეობით დახმარება ვთხოვე. საქართველოს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება იარაღის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და შეასრულა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყველა ვალდებულება, სჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა დეესკალაციისა და, შესაბამისად, დიალოგის გასაადვილებლად.

წმინდა საყდარს, განაგრძობს პრეზიდენტი, ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პარალელურ დიპლომატიაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოლაპარაკებებს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ, სადაც ჩვენი გავლენა შეზღუდულია. ამ შემთხვევაში, წმინდა საყდრის ჩარევა იქნებოდა „ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის“.

პრეზიდენტი პაპს ასევე ესაუბრა გლობალურ თემებთან დაკავშირებით მცირე სახელმწიფოების სირთულეებზე და მათ გაჟღერებულ ხმაზე; „საინტერესო იქნებოდა, დასძენს იგი, რომ შევქმნათ ქსელი, რომლებშიც მოხდება მოსაზრებების და იდეების გაცვლა და უფრო დიდი ერების ინტერესის მოზიდვა“.

პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ასევე, კათოლიკური განათლების კონგრეგაციაში, სადაც განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი თემა პაპ ფრანცისკეს მიერ წამოწყებული განათლების გლობალური შეთანხმება (Global Compact for Education) იყო.

„ეს მოიცავს საერთო პრიორიტეტებს, როგორიცაა კონფლიქტის მოგვარება, განათლება, ქალის როლი, გარემოს დაცვა - რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ პლანეტის ყველა ბიომრავალფეროვნებას წარმოვადგენთ“.

წმინდა კულტურული საკითხები განიხილეს კულტურის პონტიფიკალურ საბჭოში, Propaganda Fide-ს არქივში და ვატიკანის მუზეუმების დირექტორთან ბარბარა იატასთან შეხვედრებისას. საუბარი შეეხო მუსიკალურ კონცერტებს, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებს საქართველოს კულტურას მუსიკალურ სფეროში, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ასევე ვატიკანის მუზეუმებში სტუდენტთა გაცვლა სადაც, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ქართველებს შეეძლებათ განავითარონ და დახვეწონ ხატებისა და ნახატების რესტავრაციის ტექნიკა, ან შეისწავლონ სხვა სახის ტექნიკები და შემდეგ გამოიყენონ ეს ცოდნა საქართველოში, სადაც უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობაა და საჭიროა მათი შენახვა და შენარჩუნება.

ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს, კათოლიკური განათლების კონგრეგაციასთან და კულტურის პონტიფიკალურ საბჭოსთან და ამით იწყება ახალი ეფექტური თანამშრომლობა.

ხაზგასასმელია ვატიკანის არქივებთან თანამშრომლობა; სინამდვილეში არსებობს დოკუმენტები, რომლებიც „მნიშვნელოვანია პაპებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიისა და საუკუნეების განმავლობაში საქართველოს კულტურული კვალის დასადგენად“.

Propaganda Fide-ს არქივში პრეზიდენტმა სხვა დოკუმენტებთან ერთად ნახა ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მამის, ბერი სულხან-საბა ორბელიანის წერილი -( საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, ზურაბიშვილმა გადაწყვიტა დიპლომატიის დღისთვის მისი სახელი ეწოდებინა),რომელიც მივიდა პაპ კლემენტ XI–სთან, რათა ეთხოვა საქართველოსთან უფრო აქტიური თანამშრომლობა და მისი დახმარება მშფოთვარე პერიოდში.

ეს წერილი იმ სიახლოვის სიმბოლურ ნიშნად რჩება, რომლის განვითარებაც წმიდა საყდართან ყოველთვის გვინდა“.

https://www.acistampa.com/story/diplomazia-pontificia-contro-laborto-come-diritto-umano-17385