პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ხომალდზე HMS DEFENDER ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ბრიგადის გენერალმა გელა გიორგაძემ, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდზე HMS DEFENDER ოფიციალურ ტურში მიიღო მონაწილეობა.

ხომალდის მეთაურმა ვინს ოუენმა ქართულ დელეგაციას, ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. 

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER საქართველოში 26 ივნისს შემოვიდა. 

ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.

საპორტო ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. 

ბრიტანულ ხომალდ HMS DEFENDER-ისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებას და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას.