პრეზიდენტმა მეზღვაურთა საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა გემის კაპიტანი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის ინსტრუქტორი ზურაბ ლაბაძე, „საზღვაო ლოიდის“ ინსპექტორთა განყოფილების მენეჯერი, თეიმურაზ ქავთარაძე და საზღვაო სფეროში საერთაშორისო ექსპერტი ეკა სირაძე.

მედლები საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ბრიგადის გენერალმა გელა გიორგაძემ გადასცა და მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

„მეზღვაურის დღეს ვულოცავ ყველა მეზღვაურს - მათ, ვინც ახლა ზღვაშია... და მათ, ვინც მათ დაბრუნებას ელოდება! ვულოცავ ღვაწლმოსილ მეზღვაურებსა და უპირველეს ყოვლისა, საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებს. დადგება დრო და მათი გემები ქართული დროშებით შევლენ მსოფლიოს სხვადასხვა პორტებში. 

პანდემიის პირობებშიც მეზღვაურები თავდაუზოგავად შრომობდნენ და პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, გადაჰქონდათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დანიშნულების ტვირთები და პანდემიის დასამარცხებლად საჭირო სხვა პროდუქტები. 

ასობით ათასი მეზღვაური, საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილი, მრავალი თვის განმავლობაში რჩებოდა თავის პოსტზე და ურთულეს პირობებში განაგრძობდა სამსახურს. მათ შორის, იყვნენ ქართველი მეზღვაურებიც. 
დღეს საქართველოს საზღვაო სასწავლებლების კურსდამთავრებულები წარმატებით მსახურობენ სხვადასხვა ქვეყნის ხომალდებზე. მათ თავისი წვლილი შეაქვთ მსოფლიო ეკონომიკის განვითარებასა და მსოფლიო საზოგადოების შეკავშირებაში, საზოგადო სიკეთის ტრანსპორტირებაში.

ჩვენს მომავალს არსებითად განსაზღვრავს ის, თუ როგორ მოვექცევით ზღვას... როგორ გამოვიყენებთ, მოვუვლით და დავიცავთ ამ სივრცეს. შავი ზღვა მუდამ იყო დიდი იმპერიებისა და რეგიონული ინტერესების დაპირისპირების ადგილი. დღესაც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური წერტილია ევრაზიის ეკონომიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე. შავი ზღვის რეგიონზე გადის საკვანძო ენერგეტიკული მილსადენები, სატრანზიტო გზები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები.

უსაფრთხოება შავ ზღვაზე ნიშნავს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ უსაფრთხოებას არა მხოლოდ საქართველოსთვის და არა მხოლოდ შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის. უსაფრთხოება შავ ზღვაზე ნიშნავს სამხედრო-პოლიტიკურ უსაფრთხოებას მთელი ევროპისთვის და, საბოლოო ჯამში, მსოფლიო მშვიდობის შემადგენელ კომპონენტს. 

სწორედ ამიტომ ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიზარდოს ნატო-ს აქტივობა შავი ზღვის რეგიონში. საქართველო მზადაა შავ ზღვაზე ნატო-ს გაძლიერებაში თავისი წვლილი შეიტანოს. დიდია საქართველოს ინტერესი ამ საქმეში - მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებიდან დაწყებული, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივით დამთავრებული. 

უკვე წლებია საქართველოს ტერიტორიაზე იმართება სწავლება აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის, ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მონაწილეობით. ნატო-ს ხომალდები შემოდიან საქართველოს წყლებში. ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს, სანაპირო დაცვის მოდერნიზებაშიც. 

ჩვენი სტრატეგიული მიზანი ცხადი და უცვლელია: სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. 

სწორედ ამ მთავარი მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის მოკავშირე ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა გელა გიორგაძემ.