საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს 

 

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

პარიზი, 2021. 21 მაისი

ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე,

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, ბედნიერება და კეთილდღეობა გისურვოთ მეგობარ ქართველ ხალხს და პირადად თქვენ.

გასულ წელს, რეგიონში ვითარების ხელახალი გაუარესება აღინიშნა, რაც თქვენი ქვეყნისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. იმ კონტექსტში, როცა რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი აქვთ, საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებისა და რეფორმების გაგრძელების გზაზე.

ამ მხრივ, მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ძალები დათანხმდნენ, შეერთებოდნენ ევროპული მედიაციის საფუძველზე შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას, რომლის სხვადასხვა დებულებები განხორციელების პროცესშია. ვიცი იმ დადებითი როლის შესახებ, რომელიც თქვენ ითამაშეთ მის მიღებაში და მსურს, ეს მოგილოცოთ.

ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოცდაა ყველა ქვეყნისთვის. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ.

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელი მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან ამ წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გადასახლებული ქართველების საფრანგეთში ჩამოსვლის ასი წლისთავი. ვისურვებდი, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი საერთო ისტორიის ამ მოვლენისთვის, რომელიც ადასტურებს ჩვენი ორი ხალხის გამაერთიანებელ, ნდობისა და მეგობრობის განსაკუთრებულ კავშირს.

ასევე გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა.

ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.                  

გთხოვთ, ირწმუნოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა.

საუკეთესო სურვილებით,

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     ემანუელ მაკრონი

 

მისი აღმატებულება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი