საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორს სასუნთქი აპარატები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა.

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა და ქართველი ხალხის სახელით ჯადაცვის სისტემის წარმომადგენლებსა და ექიმებს პანდემიის ამ ურთულეს პერიოდში გამოჩენილი უდიდესი ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა. 

"ეს ძალიან სიმბოლური ჟესტია ჩვენი ადმინისტრაციისგან. ეს არის იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ ამ თვეების განმავლობაში თქვენი სამინისტროსა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემის დიდი ძალისხმევის გამო. 

ჩვენ  შევძელით ჩვენი დანაზოგიდან რამდენიმე სასუნთქი აპარატი გადმოგვეცა.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას სახელით დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩაიდო მთელი სისტემის მხრიდან. ვიცი რამდენად გადატვირთულია დღეს სამედიცინო სექტორი და მათ მინდა ვუსურვო გამძლეობა, ბედნიერი ახალი წელი, ჯანმრთელობა და თქვენი მეშვეობით მინდა ვუთხრა ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად აფასებს ყველა მათ ღვაწლს ამ რთულ პერიოდში და ვისურვებდი, რომ მომავალი ახალი წელი იყოს მშვიდობიანი და წარმატების წელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ეკატერინე ტიკარაძემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შენატანი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანადაცვის სექტორისათვის რადგან ეს დანადგარები არის იმის გარანტია რომ შესაძლებელია ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.