საქართველოს პრეზიდენტი - ჩვენ ყველა ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას!

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტი პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დედაქალაქის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

,,დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული იმისათვის, რომ პატივი ვცეთ იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დადო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და რომლებიც იმ ქართველების რიგებში შედიან, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა.

მე არ მიმაჩნია, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე, რადგანაც ამავდროულად, ეს იმედის დღეა, ჩვენი მომავლის იმედის დღე, იმედის, რომელიც არასოდეს არ უნდა დავკარგოთ!

მე მახსენდება, წლების მანძილზე, ძალიან ბევრს როგორ გვჯეროდა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, საბჭოთა კავშირის დროს, როცა ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

დღესაც იგივეა:  შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, მაგრამ ის, რომ ჩვენ დღეს ამას დაზუსტებით ვერ ვხედავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენ წინ არ არის. უნდა გვჯეროდეს ამ გზის და ეს დღე სწორედ ამ გზის დაჯერების დღეა!

ჩვენ ბევრი მხარდამჭერი გვყავს. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოთქვა თავისი მტკიცე მხარდაჭერა!

რამდნეიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება და ესეც საქართველოს ისტორიაა, რომელიც შედგება გამარჯვებებისა და დამარცხებებისაგან, მაგრამ ქვეყანა წინ მიდის და ამით არ დასრულდება! ჩვენ ყველანი ვნახავთ [თქვენ ჩემზე ახალგაზრდები ხართ, მაგრამ მეც ვნახავ] საქართველოს გამთლიანებას და მინდა, რომ ეს დღე  სწორედ იმ გმირების დღე იყოს, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.