საქართველოს პრეზიდენტი - ენა ქვეყანასთან ხვალინდელი ურთიერთობის საფუძველი და საყრდენია

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში - „ჩემი ენა ქართული“ გამარჯვებულებს მიმართა, რომელშიც მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

„დღეს ყველა ერთად აღვნიშნავთ დედაენის დღეს - როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრის მიღმა.

მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვხდები ამ დღეს. ჩვენ ამით ვამტკიცებთ, რომ დღეს, ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში, ენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს საქართველოს ისტორიისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისა და კულტურის უკვდავებისთვის. 

ასევე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის და კიდევ უფრო მეტად იმ ბავშვებისთვის, ვინც დღეს ენას იდგამენ და ევროპულ, თუ სხვა ქვეყნის ენის სწავლებასთან ერთად, მშობლიურს არ ივიწყებენ.

მეც თქვენსავით უცხოეთში დავიბადე და იმ დროს, საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, ჩაკეტილი იყო საზღვარი და ჩვენთვის მიუწვდომელი იყო ყველაფერი ის, რაც ენის შესწავლას აადვილებს - არც ტელევიზია, არც საბავშო, ან სასწავლო წიგნები, არც მისვლა-მოსვლა.
 
დღეს, ერთი მხრივ, ბევრად გაადვილებულია ქართულ ენასთან კავშირი, არის საკვირაო სკოლები, ეკლესიები, ინტერნეტით ხელმისაწვდომია გადაცემები, წიგნები, სოციალური ქსელი კი, გიხსნით სივრცეს სამშობლოსაკენ, თუნდაც შორიდან. მაგრამ ძალისხმევა და ნება, რომ მშობლიურ ენას მეტი დრო დაუთმოთ და სიღრმისეულად შეისწავლოთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ადვილი არ არის. 
 
უნდა იცოდეთ, რომ ენა ქვეყანასთან ხვალინდელი ურთიერთობის საფუძველი და საყრდენია. დღევანდელი მსოფლიო აღარ ითხოვს იმას, რომ მაინც და მაინც ერთ ადგილას იცხოვროთ და ქვეყნიდან არ გახვიდეთ, მაგრამ სადაც ცხოვრობთ, თუ გინდათ იყოთ საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ენა აუცილებელი დამაკავშირებელი ხიდია. 

თქვენ იცით, რომ სადაც ცხოვრობთ და სწავლობთ იქ ქვეყნის სახეს წარმოადგენთ და თქვენს მაგალითზე ადამიანები აყალიბებენ შეხედულებას საქართველოს შესახებ. იმისათვის, რომ თქვენ ეს ელჩის როლი სრულყოფილად იტვირთოთ, საჭიროა ენა და ენის მეშვეობით ისტორია, კულტურა და იდენტობა ბოლომდე გაიზიაროთ.

ქართველი მომავლისთვის ენით და ენისთვის იბრძოდა და ეს ბრძოლა დღეს, გახსნილ მსოფლიოში, თქვენზე გადის. გილოცავთ დღევანდელ დღეს!“ - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორის წარმომადგენლებს.