საქართველოს პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმის ფარგლებში მოხდება ქალი მეღვინეების ხელშეწყობა

საქართველოს პრეზიდენტი ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმის დამფუძნებელ ღონისძებას დაესწრო, რომელიც WiV Technology-სა და საქართველოს ღვინის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტია და  მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

"მსურს გულწრფელად მივესალმო მსოფლიოში პირველი ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმის დაფუძნებას. ვფიქრობ, რომ ფაქტი, რომ ეს კონსორციუმი საქართველოში ფუძნდება პირველად მსოფლიოში არ არის შემთხვევითი. საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, ნამდვილად იმსახურებს, რომ ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში საჭირო ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა და გამოყენება ერთ-ერთი პირველი სწორედ ჩვენი ქვეყნიდან დაიწყოს. 

სწორედ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, იქნა შერჩეული ამ კონსორციუმის დასაფუძნებლად. ეს იქნება პირველი ღვინის ინდუსტრიის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინის კონსორციუმი მსოფლიოში, რომელსაც ,,ვივ ტექნოლოჯისთან“ ერთად საქართველო და ღვინის სააგენტო განახორციელებს. 

უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ინოვაციური ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ღვინის ხარისხის ვერიფიკაციას, მისი გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტიანობის გაზრდას, მეღვინეობებისათვის დამატებითი კაპიტალისა და ფინანსების მოზიდვას, საექსპორტო პროცედურების გამარტივებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხისა და ფასის ამაღლებას. 

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ კონსორციუმის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ქალი მეღვინეებისადმი, შესაბამისი სპეციალური პროგრამებისა და გადამზადების მეშვეობით. 

მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ქართული ღვინო უკვე წარმატებით იყიდება ბლოკჩეინ პლატფორმებზე. ეს კარგი პრეცედენტი მაგალითია სხვა მეღვინეობებისთვისაც, რომელთაც კონსორციუმი საშუალებას მისცემს მარტივად გაყიდონ თავიანთი ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. 

დეცენტრალიზებული ფინანსების ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დიდი რაოდენობის ფინანსებისა და კაპიტალის ინვესტირებისა სხვადასხვა ინდუსტრიებში, კოსორციუმის ფარგლებში მხოლოდ ღვინისათვის დაგეგმილია ასეთი 100 მილიონამდე ინვესტირების მოზიდვა ქართული მეღვინეობების ხელშესაწყობად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონსორციუმის სადამფუძნებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდერსენი, Wiv Technology-ის რეგიონული დირექტორილევან ბოძაშვილი.