საქართველოს პრეზიდენტი - უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა! ეს სოლიდარობაა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და დღემდე განიცდის ოკუპაციას!

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები.

საქართველოს პრეზიდენტი:

ბატონო პრეზიდენტო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩვენი სტუმარი (პეკინისაკენ მიმავალ გზაზე) და მინდა იცოდეთ, რომ ყოველთვის ძალიან მოხარული ვართ თქვენი ჩამოსვლით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ მოგვეცა საშუალება, გავცვალოთ ინფორმაცია ძალიან რთული ვითარებისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული აგრესიის შესახებ.

ის აგრესიული ქმედებები და მუქარა, ეს იქნება კიბერშეტევები, უკრაინის საზღვარზე პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა, თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე - ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, თუ რამდენადაა დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასვლა, რასაც მთელი ევროპული და დასავლური სამყარო მოლაპარაკებებითა და მცდელობებით პასუხობს, რათა დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანად დამშვიდდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, ისევე როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს.

ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში, საქართველოს სახელით, მინდა  გამოვხატო სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რომლებიც რეალურად  არსებობს ის საფრთხეებია, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება და თუ ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ეს ჩვენი უსაფრთხოებაცაა.

ჩვენი სოლიდარობა არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა! ეს სოლიდარობაა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ კარგად გვესმის თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი, რასაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ.

ასევე, ვიცი, თუ რაოდენ დიდია პოლონეთის სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მისი ყოველმხრივი მხარდაჭერა, რამეთუ პოლონეთი ევროპის ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ყველაზე დიდი ხანია მხარს უჭერს უშუალოდ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პოლონეთი ასევე მუდმივად მხარს გვიჭერს როგორც ამ კუთხით, ასევე ჩვენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამისთვის, კიდევ ერთხელ,  მინდა ჩვენი მადლიერება გამოხვატო. ასევე, მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტიონერების მიმართ, რომელბიც დღეს ამ ძალიან რთული მოლაპარაკებების დროს არ ივიწყებენ საქართველოს და ყველა საშუალებისას ახსენებენ საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ დღეს მიმდინარე ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას და ვიცი, რომ ყველა მხრივ  მიმდინარეობს მცდელობები, რათა გამოვიდეთ ამ დაძაბული ვითარებიდან, რამეთუ აგრესიას მომავალი არ გააჩნია, შედეგი არ გააჩნია.  ეს სამხედრო ქმედებები და ეს ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს და დღევანდელ დღეს ანაქრონისტულია.

დღეს, ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არა ის, რომ მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის, ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას არ ესმის როგორია  ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიო.

მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი და რწმენა, რომ უკრაინის სუვერენობა იქნება ბოლომდე დაცული. მინდა გამოვხატო იმედი, რომ მოლაპარაკებები, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი სრულადაა ჩართული შედეგიანი და ეფექტური იქნება. ეს ჩვენი ყველას საერთო ინტერესია.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოლაპარაკებებში, თუ კონსულტაციებში არა მხოლოდ საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები იქნება დაცული, არამედ სრულად იქნება დაცული ჩვენი ყველა  ინტერესი და ამისათვის მინდა წინასწარ მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!

 

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა:

ქალბატონო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გამოვხატო ამ მოწვევისთვის და იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩამოვსულიყავი საქართველოში და არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია გამეზიარებინა. 

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია. მე ასევე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან: ჩინეთის პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენლებთან და მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა და შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. 

თქვენ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე ხართ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება უკრაინის ტერიტორიაზე და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები და კონსულტაციები, რომლებიც ამ უახლოეს დღეებში განხორციელდა.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს და აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, ვინაიდან საქართველო ზუსტად ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი ლეხ კაჩინსკი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაეცნოთ პოლონეთის ხედვას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მე მქონდა კონსულტაციები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მინდა წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია, რომელიც გაგვაჩნია უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი კოლეგები მუდმივად მუშაობენ ამ საკითხის ირგვლივ. 

მე ასევე მინდა აღვნიშნო საქართველოს საბჭოთა ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიოდ აღნიშნა. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი კონსულტაციები მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ ამ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს უსაფრთხოება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

ასევე, მინდა აღვნიშნო - კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა საქართველოს, ძალიან მოხარული ვარ, რომ ვისაუბრეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. 

საქართველო ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა, ვისთანაც ჩვენ მეგობრობა გვაკავშირებს. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მომავალ კვირას ვგეგმავ ვიზიტებს და კონსულტაციებს როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მომაწოდა. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში, ახალ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.