საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდა პიანისტის ილია ლომთათიძის კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირა“ ახალგაზრდა პიანისტის ილია ლომთათიძის კონცერტს დაესწრო

ორბელიანების სასახლეში გამართულ ილია ლომთათიძის საფორტეპიანო სოლო კონცერტს ესწრებოდნენ ასევე, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერები არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები.

დეპუტატმა და ფონდის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ ილია ლომთათიძეს მონტე კარლოს კონკურსში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა პიანისტმა შესანიშნავ შედეგს საკუთარი შრომითა და ნიჭით მიაღწია, რაც იმედს გვაძლევს, რომ  ჩვენს ქვეყანას აღნიშნულ კონკურსშიც ასახელებს.

ილია ლომთათიძეს მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა კონკურსებში და მიღებული აქვს გრან პრი და პირველი ადგილი. 2015 წელს მონაწილეობდა საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში - "Astana Piano Passion”, სადაც  მოიპოვა პირველი პრიზი და ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის სპეციალური პრიზი. 

მან მონაწილეობა მიიღო კაუნასის, ლუბლიანას, ანესის და ოვერ-სიურუაზის ფესტივალებში და ყოველწლიურად მონაწილეობს „ბათუმის მუსიკალურ ფესტივალში“, რომელიც ცნობილმა პიანისტმა, ელისო ბოლქვაძემ დააარსა.