საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

რუსულ მედიაში საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების აშშ-სა და ევროკავშირის შესახებ მორიგი ფეიკნიუსი გავრცელდა.

პორტალზე gosnovosti განთავსდა სტატია - “საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს”.

სტატიაში მოყვანილია არარსებული და გამოგონილი წერილი, რომელიც თითქოს საქართველოს პრეზიდენტს მისწერა ევროპული ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა

გაყალბებულ წერილში მარგარიტის შინასი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილ პირთა ბანაკის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. 

აღმაშფოთებელია რუსული მხარის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მისი ურთიერთობების საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაცია.

ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რუსული მხარე ასევე ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, მასში  გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები და შექმნას ცრუ საფრთხის მოლოდინი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების მხრიდან.

მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში მკაცრად დაგმონ რუსული მხარის აღნიშნული პროვოკაციული მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეშლას.