საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ქუთაისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ქუთაისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელზეც 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი აქტიური ვაკანსია შესთავაზა. 

დასაქმების ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირებს საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამოვლენაში. ფორუმზე მათ მიეცემათ საშუალება გაესაუბრონ დამსაქმებლებს და დასაქმდნენ.
დასაქმების ფორუმს დღეს პრეზიდენტის დავალებით, შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იაგო წიკლაური ესწრებოდნენ და მოწვეულ სტუმრებსა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

სიმონ პეტრიდისის განცხადებით, პანდემიის შემდეგ მთელ მსოფლიოში გამოიკვეთა სახელმწიფო სერვისების და დასაქმების პოლიტიკის გაუმჯობესების აუცილებლობა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფორუმის სახით უკვე შედგა.

„წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების დასაძლევად საჭიროა მეტი ძალისხმევა, დღევანდელი ღონისძიება გამორჩეულია იმითაც, რომ მის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა რეგიონში მოქმედი წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საგანმანათლებლო ცენტრები, სწორედ მსგავსი კომუნიკაციით მიიღწევა გარდამტეხი ცვლილებები. მთავარია ვირწმუნოთ - „ჩვენ შეგვიძლია!“ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში გვყავს ბევრი წარმატებული შშმ პირი და მჯერა, მათ რიცხვს დღეს დასაქმებულებიც შეემატებიან, სახელმწიფო კი, მაქსიმალურად შეეცდება ხელი შეეწყოს შრომით ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობებს.

ვფიქრობ, საქართველო უნდა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა, რათა ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. საჭიროა, მომავალში ბევრი ასეთი, მსგავსი ნაბიჯი გადაიდგას, რათა თითოეული ადამიანის ნიჭი მაქსიმალურად იყოს დაფასებული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, იაგო წიკლაურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, თავისი შესაძლებლობებით მაქსიმალურადაა ჩართული ადამიანის უფლებების და შესაძლებლობების გამოვლენა-რეალიზაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ამოქმედების საკითხებში. მნიშვნელოვანია, ამ მხრივ მისი მონდომება, რათა გავიზიაროთ წარმატებული ქვეყნების მაგალითები და დავნერგოთ იგი საქართველოში. 

„დღევანდელმა ფორუმმა საშუალება მოგვცა გაგვეცნო უამრავი პროფესიონალი ადამიანი, რომელთა პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზების ხელშეწყობა უფრო და უფრო საყურადღებოა“, - განაცხადა იაგო წიკლაურმა.

დასაქმების ფორუმი, რომელიც შშმ პირთა დღესთან დაკავშირებით გაიმართა სსპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.