საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Diplomatic Courier-თან

სალომე ზურაბიშვილის, როგორც საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს შედგა. ის დაიბადა 1952 წელს. ისწავლა პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში (1969-1972, პარიზი, საფრანგეთი) და შემდეგ დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა სკოლის სამაგისტრო პროგრამა (1972-1973, ნიუ-იორკი, აშშ). 1974 წლიდან 2004 წლამდე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში  რამდენიმე საელჩოში (მათ შორის იტალია, აშშ, ჩადი) და საერთაშორისო ორგანიზაციებში საფრანგეთის წარმომადგენლად (გერო, ნატო, დასავლეთ ევროპის კავშირი, ეუთო) მუშაობდა. 2003 წელს ის დანიშნეს საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამ პოსტის დატოვების შემდეგ, 2006 წლის 11 მარტს მან ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“. ზურაბიშვილი პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი იყო  (2006-2015). ამავდროულად, ის ხელმძღვანელობდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მონიტორინგის ჯგუფს ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ (2010-2015). 2016 წელს მან მოიგო არჩევნები როგორც საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

- ქალბატონო  პრეზიდენტო, თქვენ ახლახან დაასრულეთ თქვენი ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, რომელიც საქართველო-ნატოს ურთიერთობებს ეხებოდა. როგორ დაახასიათებდით თქვენს შეხვედრას?

ძალიან პოზიტურად. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ პანდემიის დაწყებიდან, ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ. ბრიუსელში შეხვედრის გამართვა ჩვენი ნატოელი და ევროპელი პარტნიორების მიმართ გზავნილი იყო, რომ საქართველო კვლავაც თავისი ევროატლანტიკური გზის ერთგულია და მათ არ უნდა დაივიწყონ, რომ ჩვენ აქ ვართ - დასავლეთის ყველაზე ძლიერი და სტაბილური მოკავშირე ძალიან კომპლექსურ რეგიონში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ანალოგიურ ერთგულებას მეორე მხრიდან. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი, დარწმუნებული ვარ მოისმინეთ ჩვენი პრესკონფერენციისას, მკაფიო იყო საქართველოს პროგრესსა და ჩვენი პარტნიორობის დონეზე საუბრისას. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ახლახან დამტკიცებულ განახლებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს სიმტკიცე და მზაობა ჩვენი თავდაცვის ძალებისათვის მეტი მდგრადობის ჩამოყალიბების გზით.

ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა კონფლიქტს, რომელიც გასულ წელს საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ვიხილეთ. იმის გარდა, რომ ეს მთლიანი კავკასიისათვის ნამდვილი ტრაგედია იყო, ომმა აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ბრიუსელის ინტერესშია, რომ ყველა ძირითადი აქტორი კავკასიაში ჩართული იყოს მშვიდობის მშენებლობის გრძელვადიან პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირი, იქნება ეს მინსკის ჯგუფის გაძლიერებით, თუ რეგიონის მასშტაბით გადამწყვეტ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადებით.

- შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ მიმდინარე რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ატარებს რათა გაზარდოს ნატოელ მოკავშირეებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა და განაგრძოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში?

ნამდვილად, ჩვენი ინტეგრაციის პროცესის დიდი წილი რეფორმებზე გადის. ჩვენი ამბიციები ხორციელდება იმ ნაბიჯებით, რომელთაც ჩვენ საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-სთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად ვდგამთ. საქართველო 2020-2030 ეროვნული თავდაცვის სტრატეგიით, მოკლევადიანი თავდაცვის დაგეგმვიდან გრძელვადიანზე გადადის. ჩვენ ახლახან დავასრულეთ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მე-12 ციკლი, რომელიც ნატო-ს დახმარებით აყალიბებს ყოველწლიურ რეფორმის მიზნებს.

რა თქმა უნდა,  ჩვენს თავდაცვით დანახარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2%-ზე ვინარჩუნებთ, როგორც ამას ალიანსი მოითხოვს, რომლის დიდი ნაწილიც ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და ძირითადი სისტემების შეძენას ხმარდება. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშმა აჩვენა, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამჭვირვალე თავდაცვის შესყიდვის სისტემა აქვს.

შესაძლოა, კოვიდპანდემიამ შეცვალა პრიორიტეტები და დიპლომატიური საქმიანობა მთელ მსოფლიოში, თუმცა საქართველო შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ თანამშრომლობა ჩვენს სასარგებლოდ. ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაღიაროთ უდიდესი საქმე, რასაც რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიამ მიაღწია პანდემიის საწყისი ეტაპების დროს. ეს ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის მზაობისთვის განხორციელებული აშშ-ს ინვესტიციაა. ჩვენ შეგვიძლია მისი წარმატების გაზომვა პანდემიის საწყის ეტაპებზე უცხოეთიდან განხორციელებული კოორდინირებული თავდასხმებისა და დეზინფომრაციის კამპანიების დონით.

- განიხილეთ თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ავღანეთში ნატო-ს მისიის აქტიური და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, თავდაპირველად ISAF-ში და ახლა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ეს აჩვენებს, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების გლობალური ძალისხმევის ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების დაფინანსებას, ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ ავღანეთის მდგრადობა და სიმტკიცე.

მაგრამ, რაც ყველაზე აქტუალურია ჩვენი თანამშრომლობისათვის ამჟამად არის საჭიროება, რომ ნატო-მ და ევროკავშირმა თავიანთი ძალისხმევის ფოკუსირება შავ ზღვაში უსაფრთხოების შენარჩუნებისაკენ მიმართონ. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ შავი ზღვა დარჩეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მაკავშირებელ, სავაჭრო და სტაბილურ ზღვად. ნატო-ს წევრების მიერ ბოლო წლებში ჩვენი პარტნიორების გაძლიერებული წარმომადგენლობითობა ამ ზღვასა და პორტებში აჩვენებს, რომ ალიანსი ყურადღებას იჩენს, თუმცა ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების მეტი გარანტიები და აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ მეტი ინვესტიცია.

- დარწმუნებული ხართ რომ საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის ნატო-ს წევრობისაკენ?

საქართველოს პროგრესი ეჭვგარეშეა. ეს ჩანს ნატო-ს მხრიდან ჩვენს ტერიტორიაზე ყოველწლიური სამხედრო წვრთნების დონით. რომ არა პანდემია, საქართველოს და ნატო-ს ძალები ერთობლივად მიიღებდნენ მონაწილეობას  „ევროპის დამცველი 2020“-ის წვრთნებში, რომელიც ცივი ომის შემდგომ ნატო-ს ეგიდით ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნაა ევროპაში.

რასაც ვხედავთ არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციის მხარდასაჭერად მუდმივი და თანმიმდევრული, მკაფიო განცხადებების, დეკლარაციების, რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების სერია. ამის მოწმეები ვიყავით თბილისში გენერალური მდივნის, გენერალური მდივნის მოადგილის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მიღებისას, ასევე როდესაც 2019, 2020 და წელს ბრიუსელში ვიზიტისას ნატო-საქართველოს კომისიის სხდომებს დავესწარი. 

ახლა დროა, ალიანსმა უზრუნველყოს შემდგომი სოლიდარობა და გამოიჩინოს მეტი გამბედაობა. ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ნატო-ში ინტეგრაციას წლების განმავლობაში უჭერს მხარს, ამიტომ ჩვენი ინტეგრაცია არა მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული გზაა, არამედ, შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის პოზიტიური ეფექტიცაა.

მაშინაც კი, თუ ალიანსი ჯერ მზად არაა ჩვენს წევრობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-საკენ წინსვლას სექტორული ინტეგრაციის გზითა და ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ მეტი თანამშრომლობითა და პარტნიორობით. რაც ახლა გვსურს არის - „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში!“

- ისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომაროებაზე და რუსეთის მუდმივ სამხედრო ზრდაზე?

საქართველო და შავი ზღვის რეგიონი მთლიანობაში - სავაჭრო, მაკავშირებელი, კომუნიკაციისა და ენერგოჰაბია. დაუშვებელია, რომ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნამ საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ევროპისთვის. ჩვენ გვჭირდება შავი ზღვის შესახებ ნატო-ს  კონკრეტული და ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვას.

“United for a New Era” კონცეფცია ცნობს შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევებს და მეტიც, განიხილავს მათ საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტში. გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, მომდევნო წლებში ნატო და ევროპა მეტად იქნება წარმოდგენილი შავ ზღვაში.

- დარწმუნებული ხართ რომ ნატო განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას?

აბსოლუტურად და მთლიანად. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გახშირდა და ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ეს აჩვენებს, რომ საქართველოში არსებულ კონფლიქტებს არ ივიწყებენ და ნატო ჩვენს საკითხს სამუშაო დღის წესრიგში მაღალ ადგილას ერთგულად ინარჩუნებს. საჯარო მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ არა მხოლოდ ნატო-ს ოფიციალური პირებისგან, არამედ ალიანსის თითოეული წევრი სახელმწიფოსგან.

დღეს მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმეა. ვხედავთ გატაცებებს, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის გახშირებულ პროცესს და მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა გამშვები პუნქტები დახურა. ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზეა, რუსეთის წარმომადგენლები არ არიან მზად ჩაერთონ კონფლიქტის მოგვარების შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობაში. სწორედ ამიტომ, გვესაჭიროება მაღალ პოლიტიკურ დონეზე დაბრუნება, რათა ამ განხილვებს შინაარსი შევძინოთ და მივიღოთ შედეგები.  

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Diplomatic Courier-თან