საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, ლატვია საქართველოს ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებაში გამოცდილებას გაუზიარებს 

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, სემინარი გაიმართა, რომლის მიზანიც ენის პოლიტიკის, ტერმინოლოგიური მუშაობისა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებაში ლატვიის გამოცდილების გაზიარებაა. 

სემინარზე, რომელიც ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრისა და საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეებმა სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები განიხილეს. 

სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურისა და განათლების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა. 

აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აქტიურად უჭერს მხარს სახელმწიფო ენის დაცვასა და განვითარებას. 

სემინარში მონაწილეობდნენ: ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრი და „ტილდე“ – ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი ლატვიაში, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ცენტრების თანამშრომლები. 

ასევე, ღონისძიებას ონლაინ ესწრებოდნენ და მოხსენებები წარმოადგინეს ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრის დირექტორმა მარის, ბლატინშმა, ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრის რიგის რეგიონის უფროსმა ინსპექტორმა, მადარა რეკემ, ტერმინოლოგიისა და სამართლებრივი დოკუმენტების თარგმნის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, არტურს კრასტინშმა და „ტილდეს“ გენერალურმა დირექტორმა, ანდრეის ვასილიევსმა. 

მეორე სემინარი ლატვიურ და ქართულ მხარეებს შორის მაისში ასევე, ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რომელიც სახელმწიფო ადმინისტრაციის სხვადასხვა დონეზე და მათ შორის, ელექტრონული მმართველობისას მანქანური თარგმანის გამოყენებას შეეხება.