საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე 

ბატონო გენერალურო მდივანო,

თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც კოვიდ-მა ჩვენი ყურადღება გადაიტანა და გარკვეულწილად შეზღუდა დიპლომატიური საქმიანობა, მოვიდა დრო, კვლავ აქცენტი გავაკეთოთ ჩვენს ძირეულ ინტერესებზე, საერთო სოლიდარობის ღირებულებებსა და საერთო პროექტებზე. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ამ წლის დასაწყისში კვლავ ვიყო აქ და ამგვარად წარმოვაჩინო რამდენად პრიორიტეტული და აქტუალურია საქართველო-ნატოს ურთიერთობა და თანამშრომლობა დღეს, ისე, როგორც არასდროს!

ძველი და ახალი გამოწვევების წინაშე დგომისას გვჭირდება ახალი ენერგია, მეტი მოძრაობა და მიზანდასახულობა. რიგი ფაქტორები გვიბიძგებენ ამ მიმართულებით. ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას სურს კიდევ ერთხელ დაადასტუროს ნატოს-თან თავისი კავშირი და მისი ყოფნა შავ ზღვასა და რეგიონში, ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენს რეგიონში ვნახეთ ძალთა ახალი კონფიგურაცია, რაც გვაჩვენებს, რომ შავი ზღვა და კავკასია, როგორც არასდროს, უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი ხდება და ნატო-ს მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება და წარმომადგენლობითობა უნდა მიიპყროს. 

ახალი გამოწვევები ერთობლივი ძალებით გადალახვას მოითხოვს: კოვიდ-19, კიბერუსაფრთხოება, დეზინფორმაცია და კონფლიქტების განგრძობადობა, რასაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ - ნაწილია იმ საკითხებისა, რაც ჩვენი ძალების გაერთიანებას მოითხოვს.

ჩვენ ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს და მათ ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად სოლიდარობისაკენ მოვუწოდებთ ისეთ საერთო გამოწვევებთან ბრძოლისას, როგორიცაა პანდემია - განსაკუთრებით, ვაქცინის გამოყოფის საკითხი, ან, განახლებული და გახშირებული კიბერშეტევებისა და დესტაბილიზაციის მცდელობები.
 
პანდემიით გამოწვეული კრიზისის, ჩვენს სამეზობლოში კონფლიქტის, ოკუპირებული ტერიტორიების, გაზრდილი პროვოკაციებისა და დე-ფაქტო ანექსიისაკენ მიმართული მცდელობების მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა, არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ რეგიონშიც. 

საქართველო მტკიცედ დგას, მან რეფორმებითა და არჩევნებით წინ წაწია დემოკრატიის კონსოლიდირების დღის წესრიგი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერე.
 
ბატონო გენერალურო მდივანო, ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და სტრატეგიული ორიენტაციის მიმართ თქვენსა და ჩვენი პარტნიორების მუდმივ მხარდაჭერას. 
ამ თანამშრომლობის დამსახურებით საქართველომ განაგრძო თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, სტანდარტებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა და პრაქტიკული ინსტრუმენტების განვითარება, რომლებიც მას წევრობისათვის ამზადებს.

როგორც ვიხილეთ 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ტერიტორიაზე ნატო-ს განგრძობად წვრთნებს, ასევე, ნატოს გაზრდილ წარმომადგენლობითობას შავ ზღვასა და პორტებში, ჩვენ ვაფასებთ სოლიდარობის მნიშვნელობას ნატო-ს მისიებში მონაწილეობითა და კოლექტიური უსაფრთხოების ტვირთის აღებით.  

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა და საქმიანობა და ამავდროულად, გამოვხატოთ მადლიერება ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების მიმართ ნდობისთვის. ამის დემონსტრირება განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტია (SNGP), რაც ჩვენი თანამშრომლობის საფეხურის ამაღლების ღირებული ინსტრუმენტია და რომელიც უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზეა მორგებული.

თუმცა, ჩვენ მეტი გვესაჭიროება! ჩვენ გვჯერა, რომ გათვალისწინებული იქნება „NATO 2030 – United for New Era“ ანგარიშის რეკომენდაციები. საქართველომ აჩვენა თავისი საბოლოო მიზნის მიმართ ერთგულება და ამ გზაზე ახალი გამოწვევებისადმი სიმტკიცე. მოვიდა დრო ალიანსმა გამოიჩინოს მეტი სოლიდარობა და გამბედაობა!

გმადლობთ ბატონო გენერალურო მდივანო!