საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი ქართველოლოგი ბერნარ უტიე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კვლევაში, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის ლინგვისტი, ფრანგი ქართველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი ბერნარ უტიე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბერნარ უტიეს თავდადებული საქმიანობისათვის და აღნიშნა, რომ მან ძალიან დიდი ამაგი დასდო განსაკუთრებით, ძველი ქართული ლიტერატურისა და ენის კვლევას და შეაგროვა ძალიან მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა. 

„სამწუხაროდ, საფრანგეთში ძალიან ცოტანი არიან ფრანგი ქართველოლოგები. ფრანგს ვამბობ, მაგრამ ვიტყოდი, რომ იგი დღეიდან უკვე მთლიანად ქართველია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე მეძლევა საშუალება აღვნიშნო თქვენი ღვაწლი. ძალიან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდით ჩვენს მეგობართან, ლაშა ოთხმეზურთან და თამილა მგალობლიშვილთან ერთად, რომელსაც ვიხსენებთ დღეს და რომელმაც ისე დაგვტოვა, რომ ქართული კულტურის მიმართ მისი უდიდესი ღვაწლის აღიარების საშუალება არ მოგვეცა.

მე ვერ ჩამოვთვლი ყველაფერს, რაც თქვენს საქმიანობას მოიცავს, მაგალითად „ახალი აღთქმის“ ქართულენოვანი თარგმანების წარმომავლობების დადგენის დასახელებაც კმარა, რომლითაც შეხვედით ქართული კულტურის ისტორიაში.

მადლობას გიხდით თქვენ, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უდიდეს მეგობარსა და თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის ერთგვარ ელჩს საზღვარგარეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ბერნარ უტიემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მისი საქმიანობის დაფასებისათვის და პატივისცემით გაიხსენა საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი, ბატონი ლევან ზურაბიშვილი, პირველი ქართველი, რომელიც საფრანგეთში იმ დღეს გაიცნო, როდესაც ძველი ქართული ენის შესწავლა გადაწყვიტა.

„შეუძლებელია დღევანდელ დღეს არ გავიხსენო პირველ ქართველი, რომელიც საფრანგეთში გავიცანი იმ დღეს, როდესაც ძველი ქართული ენის შესწავლა გადავწყვიტე. ეს იყო საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი, ბატონი ლევან ზურაბიშვილი, თქვენი მამა, რომელმაც მე, როგორც საკუთარი შვილი ისე მიმიღო. კურთხეულ იყოს მისი სახელი!

განვლილი ნახევარი საუკუნის მანძილზე საქართველოში ბევრი გამოჩენილი მეცნიერი გავიცანი. იმედი მაქვს, რომ ელენე მეტრეველი, თამილა მგალობლიშვილი, ვახტანგ ბერიძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, ზურაბ სარჯველაძე, თამაზ გამყრელიძე და ბევრი სხვა დღეს სამოთხიდან გადმოგვყურებენ. მათ მიერ თქვენი მონა მორჩილისადმი გამოჩენილი გულთბილობა და ყურადღება წმინდა ქართული თვისებაა. დაე, მუდამ ასე დარჩეს. 

ოქროს საწმისი უძველესი მითია, რომელიც ანტიკური ეპოქიდან შეისისხლხორცა ბერძნულმა მითოლოგიამ. ალბათ, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს გარეშე ევროპა ევროპა არ არის.

საოცარია, რომ მე-15 საუკუნეში ბურგუნდიის მთავარმა საფრანგეთში ოქროს საწმისის ორდენი დაარსა. ზუსტად იმ კუთხის ბურგუნდიაში, სადაც ჩემი კავკასიური ბიბლიოთეკაა დღეს. ქართველებმა მაშინ სთხოვეს საფრანგეთის მეფესა და ბურგუნდიის მთავარს თურქების წინააღმდეგ დახმარება. როგორც ვიცით, ქართველებმა მაშინ ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს. 

იმედი ვიქონიოთ, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა. პოლიტიკა ბევრად უფრო სწრაფწარმავალია, ვიდრე კულტურა და ფაქტი, რომ დღეს ოქროს საწმისს იღებს არა პოლიტიკოსი, არამედ ქართული კულტურის ქომაგი ადამიანი კიდევ მავსებს სიხარულით. 

ნეტავ უფრო ფართო იყოს ცნობილი ქართული კულტურა მსოფლიოში. ყველამ ერთად ვიმუშაოთ ამ დარგში, რადგან ქართული კულტურა მთელი სამყაროს განძია“, - განაცხადა ბერნარ უტიემ.