საქართველოს პრეზიდენტმა პოლონური ინსტიტუტის დირექტორი თბილისში ლეხ კონჩაკი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა 

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებასა და კულტურულ დაახლოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისათვის პოლონური ინსტიტუტის დირექტორი თბილისში ლეხ კონჩაკი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ლეხ კონჩაკის მნიშვნელოვანი ღვაწლი ქართული კულტურის განვითარების საქმეში და ვრცლად ისაუბრა საქართველო-პოლონეთის მჭიდრო ურთიერთობების შესახებ.

„სწორედ ახლა გავაცილე პოლონეთის პრეზიდენტი. პოლონეთი ის ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს მჭიდრო, საუკუნოვანი და ძლიერი მეგობრობა აკავშირებს.

დღეს ვაჯილდოვებ ჩვენს ერთ-ერთ პოლონელ მეგობარს. ბატონი ლეხ კონჩაკი კულტურული მრჩევლის სტატუსით მუშაობდა პოლონეთის საელჩოში და ძალიან ბევრი რამ შესძინა ჩვენს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველოში ყველა საელჩო ასეთი აქტიური იყოს, როგორიც პოლონეთის საელჩოა.

ეს ჩვენთვის ძალიან დიდ დახმარებასა და ნამდვილ მხარდაჭერას ნიშნავს. ამ პერიოდში, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის დაარსებისა და მისი საქმიანობის მიმართულებით - უმნიშვნელოვანესია ცენტრის არაჩვეულებრივი კოლხური არტეფაქტების აღმოჩენა ქუთაისში და აღმოჩენები გონიოში. 

ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ჩვენი ერთობლივი მიღწევაა, როცა პოლონეთი და საქართველო ერთად, ძალიან შედეგიანად მუშაობენ.

სწორედ არქეოლოგიური ცენტრის მუშაობა და არქეოლოგიური ცენტრის აღმოჩენები ადასტურებს იმას, რომ ქართული, უძველესი ცივილიზაცია და კულტურა პირდაპირ ჯდება ევროპულ უძველეს ცივილიზაციაში და მათი გამიჯვნა არ შეიძლება.

ბატონი ლეხი ასევე აქტიურად ედგა სათავეში საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის პოლონეთის წამყვან გამომცემლობებში გამოცემის საქმეს.

მან ახლახან დაწერა წიგნი ფიროსმანზე, რომელშიც გაშუქებულია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტები და რაც მთავარია, ქართული კულტურა, რომლის მატარებელიც გახლდათ ფიროსმანი, ჩასმულია ზოგად ევროპულ კულტურულ კონტექტსში.

ასევე, ლეხ კონჩაკის სახელს უკავშირდება ქართველი მხატვრებისთვის ზიგმუნდ ვალიშენსკის კონკურსის დაარსება, რომლის გამარჯვებულ მხატვარსაც პოლონეთში, გამოფენის მოწყობასთან ერთად, ჯილდოც გადაეცემა. 

ესეც არის ჩვენ ორ ქვეყანას შორის კულტურული დაკავშირების გაღრმავებისა და განვითარებისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.