საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა მემორიალები გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა კიევში ოფიციალური ვიზიტისას უცნობი ჯარისკაცის, უკრაინის ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა და ზეციური ასეულის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

მემორიალების გვირგვინით შემკობის ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო ბარათაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი იმართება 15 წლის შემდეგ. 

„დღეს განსახილველ საკითხებს შორის არის ორმხრივი ურთიერთობის თემატიკა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერის და თანამშრომლობის თემატიკა. ცხადია, საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს და მნშვნელოვანია, რომ ურთიერთობების, თანამშრომლობის ეს ხარისხი კონკრეტულ შედეგებში რეალიზდეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ ურთიერთობის შემდეგ განვითარებასა და გაღრმავებაში“, - აღნიშნა ნინო ბარათაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 15 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტი ჩამოვიდა უკრაინაში და იწყება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გადატვირთვა. 

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იყო პაუზა ორ ქვეყანას შორის, რაც, რა თქმა უნდა, აზიანებდა ამ ურთიერთობას. ვფიქრობ, რომ უკრაინაზე უფრო დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს და ეს მთელმა ჩვენმა ხანგრძლივმა ისტორიამ არაერთ გზის დაადასტურა. ამიტომ ძალიან მნშვნელოვანია ეს ურთიერთობა იყოს იმ სიმაღლეზე, რომ ორ ქვეყანას შორის არანაირი ბზარი, არანაირი კითხვის ნიშანი არ იყოს. მე, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი ვაპირებ ინფორმაცია მივაწოდო საქართველოში დასრულებულ კრიზისთან დაკავშირებით, ასევე საარჩევნო რეფორმებზე, სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე და ზოგადად, ქვეყანაში ოპოზიციის როლის შესახებ“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.