საქართველოს პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე თამარ ტყეშელაშვილის დანიშვნის შესახებ.

დიმიტრი გაბუნია კი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

 

 


თამარ ტყეშელაშვილის ბიოგრაფია


თამარ ტყეშელაშვილი დაიბადა 1983 წლის 20 სექტემბერს.
2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი და არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. 
2007 წლიდან თამარ ტყეშლაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 
2014 წელს გავლილი აქვს მულტიმოდალური სასერტიფიკატო პროგრამა ბრიუსელში, სენტ-ლიუსის უნივერსიტეტში ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართალში. 
2015 წელს ჟენევის Graduate Institute-ში გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა - საერთაშორისო სავაჭრო სამართალი და პრაქტიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში.
2005 წლიდან - 2015 წლამდე თამარ ტყეშელაშვილი იყო იურიდიული ფირმა MKD-ს იურისტი. 
2015 წლიდან - ამავე ფირმის ბიზნესის განვითარების კომიტეტის წევრი. 
2019 წლიდან - 2020 წლის სექტემბრამდე თამარ ტყეშელაშვილი იყო იურიდიული ფირმა MKD Law-ს პარტნიორი. მისი იურიდიული პრაქტიკის მანძილზე, თამარს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ პროექტში, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების მონაწილეობით. თამარ ტყეშელაშვილი ახორციელებდა მსხვილი საინვესტიციო პროექტების იურიდიულ თანხლებას და წარმოადგენდა ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: Société Générale, Bank of New York Mellon, NASDAQ OMX, EBRD, Western Union, IBM, Marriot Hotels International, New Line Cinema, NewsCorp და სხვ. 
იურიდიულ საქმიანობასთან ერთად, თამარ ტყეშლაშვილი წარმოადგენდა MKD law-ს სავაჭრო პალატებში, გამოდიოდა სხვადასხვა კონფერენციებში სამართლებრივ საკითხებზე.
2016-2019 წლებში თამარ ტყეშელაშვილი იყო პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების წევრი, სადაც ჩართული იყო კანონპროექტების განხილვაში.
2017 წლიდან თამარ ტყეშელაშვილი ეწევა აკადემიურ საქმიანობას: 
2017 წლიდან დღემდე იგი არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 
2017-2018 წლებში თამარ ტყეშლაშვილი იყო კავკასიის სამართლის სკოლის (კავკასიის უნივერსიტეტი) მოწვეული ლექტორი. აკადემიური საქმიანობის მანძილზე, თამარი მონაწილეობდა სტუდენტებისათვის ჩატარებულ ტრენინგებში, იყო იმიტირებული სასამართლო პროცესების მსაჯი, სამართლებრივ საკითხებზე სტუდენტური შეკრებებისა და პროგრამების მენტორი და სხვ.
2020 წლის სექტემბრიდან თამარ ტყეშელაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. 
ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.