საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი, 21 იანვარს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც სალომე ზურაბიშვილი, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტის დაწყება ბრიუსელიდან პოლიტიკური განაცხადია და მასთან შეხვედრის დიდი მოლოდინია.
"საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ჩვენს პარტნიორებს ნატოში და ევროკავშირში. შეხვედრები დაგეგმილია ევროკავშირის სამივე პრეზიდენტთან. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს. მოლოდინია და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკეთებს იმ განაცხადს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია", - განაცხადა ნატალია საბანაძემ. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გასტანს.