საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შეხვედრაც გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზაციის საკითხები განიხილეს. 
 
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა, ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს იმ უდიდესი პირადი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევოპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერის საკითხებში.
 
მხარეებმა რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 
 
აღინიშნა, რომ აზოვის ზღვაში რუსეთის უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, ნატოს გადაწყვეტილება გაზარდოს თავისი წამომადგენლობა შავ ზღვაში, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
 
საქართველო აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით ყველა პრაქტიკულ ძალისხმევაში, განსაკუთრებით, ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში.
 
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მხარდაჭერას მიიღებს ვაშინგტონში, ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ მინისტერიალსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
 
საქართველოსათვის კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, განიხილება შავი ზღვის რეგიონში მსგავსი ცენტრის შექმნის ხელშეწყობის საკითხიც. 
 
მხარეებმა თავდაცვის სამინისტროებს შორის, კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის დოკუმენტზეც ისაუბრეს, რომელსაც ხელი, ვიზიტის ფარგლებში, ხვალ მოეწერება. 
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებებმა ძალიან ფორმალური და ტექნიკური ხასიათი მიიღო, საჭიროა, საქრათველოს პარტნიორების მხარდაჭერით აღნიშნული ფორმატისათვის პოლიტიკური დონის ამაღლება. 
 
ხაზი გაესვა საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და ევროკავშირთან სხვა პოტენციური თანამშრომლობის ფორმატების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას, როგორც განათლებისა და კულტურის, ასევე სატრანსპორტო და სხვა მიმართულებებით, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მეტ იმპულსს მისცემს.
 
ქვეყნებს შორის ძლიერია სექტორული თანამშრომლობა, გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა და ინვესტიციების მოცულობა, მზარდია ტურიზმის მაჩვენებელი, რასაც ხელს უწყობს საქართველოსა და ლიეტუვას შორის პირდაპირი საჰაერო ფრენები. 
 
პერსპექტიულია ერთობლივი საწარმოების შექმნა, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ექსპორტის შესაძლებლობები, რომელსაც ქმნის 
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკვე გაფორმებული შეთანხმებებით.
 
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კულტურა, მისი საქმიანობის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საკითხებს, ასევე  გამოფენების, კულტურული დღეებისა და ფორუმების მოწყობას. 
 
რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია პარტნიორულ ურთიერთობებში. დამეგობრებულია ლიეტუვასა და საქართველოს 30-მდე ქალაქი და მუნიციპალიტეტი. 
 
აღინიშნა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა და ევროკავშირის მიდგომა “მეტი მეტისთვის” საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე უფრო რელევანტურია.
 
ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები. საუბრისას, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.