საქართველოს პრეზიდენტმა მრჩეველთა გუნდი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მრჩეველთა გუნდი წარადგინა.
„წარმოგიდგენთ მრჩეველთა გუნდის ნაწილს, რომელიც დღეს ინიშნება.
როგორც იცით, საკმაოდ შეზღუდულები ვართ ამ მომენტში და სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ ბოლომდე ის ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ლაშა ჟვანია.
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ქეთევან მახარაშვილი, რომელსაც დაევალა ეთნიკური უმცირესობებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია და იგი ასევე შეითავსებს პრესსპიკერის ფუნქციებს.
საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე იმუშავებს დიმიტრი გაბუნია.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში მრჩევლად დაინიშნა სიმონ პეტრიდისი.
,,პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ჩვენ ამ ცვლილებებს დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან'', - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში მრჩევლად ნათია სულავა დანიშნა, სამხედრო საკითხებში მრჩევლად ალექსი ბარბაქაძე, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩევლად ირინა შენგელია, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში მრჩევლად კოტე ნაცვლიშვილი;
საქართველოს პრეზიდენტმა, გუნდის წევრებთან ერთად, წარადგინა ასევე, პიერ ალექსანდრ კრევუ, რომელიც  ემიგრაციაში, ქართულ-ფრანგულ ოჯახში დაბადებული ქართველია. ის იქნება ჯერ სტაჟიორი.