შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ორგანიზატორია გაერო-ს გლობალური კომუნიკაციების დეპარტამენტი და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი.

სიმონ პეტრიდისის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, რომელთა მიზანი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დასაქმებაა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაინტერესებულია საქართველოში შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის საკითხით და შესაბამის ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 

კონფერენციის ძირითადი თემებია კოვიდპანდემიის მიერ გამოვლენილი უთანასწორობები. კოვიდპანდემიისას მუშაობის ახალმა გზებმა, მათ შორის დისტანციურმა მუშაობამ და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ, აუტიზმის სპექტრის თანამშრომლებს შეუქმნა ახალი შესაძლებლობები, რომელიც ტრადიციულ სამუშაო გარემოში არ ვითარდებოდა, სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება და მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობა იქნება მთავარი პრიორიტეტი, რომელზეც პრეზიდენტის მრჩეველი ყურადღებას გაამახვილებს.