არჩილ ზუმბულიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი



არჩილ ზუმბულიძე დაიბადა 1971 წლის 18 ოქტომბერს ქ. თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მაკროეკონომიკის სპეციალობით, ხოლო ხელოვნებათმცოდნეობისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი - სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სწავლობდა თსუ-ს ასპირანტურაში. მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
არჩილ ზუმბულიძე 1995-2000 წლებში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს რეგიონალური ეკონომიკის მთავარ სამმართველოში სხვადასხვა დროს მუშაობდა მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად და სამმართველოს უფროსად, 2000-2004 წლებში - სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსად, თავმჯდომარის მოადგილედ, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000-2004 წლებში  კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, 2004-2008 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, 2008-2013  წლებში - სახელმწიფო საწარმო შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ასევე შპს „ვარდნილჰესების კასკადის“  შესყიდვების სამსახურის უფროსი, 2014-2017 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალური საწარმოს შპს „სინათლის ქალაქის“ დირექტორის მოადგილედ საფინანსო საკითხებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესყიდვების სამსახურის უფროსად და სახელმწიფო საწარმო შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ შიდა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
არის 11 სამეცნიერო სტატიის ავტორი.
არჩილ ზუმბულიძე 2019 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად.
ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.