გიორგი ფავლენიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში


გიორგი ფავლენიშვილი დაიბადა 1976 წელს. 1999 წელს დაამთავრა გაერთიანებული სამხედრო აკადემია მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო-საშტაბო სპეციალობით, ხოლო 2002 წელს - უკრაინის თავდაცვის ნაციონალური აკადემია სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების მოქმედებების მართვისა და საბრძოლო გამოყენების სპეციალობით. გარდა ამისა, გავლილი აქვს ინგლისური ენის კურსები, ნატო- სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, შტაბის თანამშრომლობის კურსი, სწავლების დაგეგმვის პროცესის კურსი (EPPC)“ და „სტრატეგიული ლიდერობის კურსი - Stategic Leadership Course“.

გიორგი ფავლენიშვილი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების მონაწილე: 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთის რეგიონში, ხოლო 2008 წელს ცხინვალის რეგიონში.

იგი 1993-1995 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის I ბრიგადის ბატალიონში „თეთრი გიორგი“ და იყო ათეულის მეთაური. 1998 წელს დაინიშნა საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონის საინჟინრო გადამზიდი ოცეულის მეთაურად, 1999 წელს იყო ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის სადაზვერვო ასეულის I სადაზვერვო ოცეულის მეთაური, 2000 წელს - ეროვნული გვარდიის ოპერატიული პოლკის სპეცდანიშნულების ბატალიონის I ასეულის მეთაურის მოადგილე, 2000 წელს - კადრების შემადგენლობის დაკომპლექტების განყოფილების სამხედრო-ფსიქოლოგიური მომზადების უფროსი ოფიცერი, შემდგომ კი ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი - ოპერატორი. 2002 წელს დაინიშნა ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილედ - სასწავლო ნაწილის უფროსად, ხოლო 2003 წელს - ამავე ცენტრის უფროსად. 2004 წელს იყო თავდაცვის ეროვნული აკადემიის G-3 ოპერატიული დაგეგმვისა და საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსი, 2005 წელს გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტის დაგეგმარების სამმართველოს დაგეგმვის განყოფილების ოფიცერი. 2007 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს საბრძოლო მომზადების განყოფილების ოფიცრად, შემდგომ ამავე  სამმართველოს ოპერაციების დაგეგმარების უფროს ოფიცრად. იმავე წელს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის ატაშედ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ყაზახეთის რესპუბლიკაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. 2009 წელს იყო ეროვნული გვარდიის  მე-10 ბრიგადის G-2-ის უფროსი. 2011-2013 წლებში იყო ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ლოგისტიკის კოორდინატორი. 2013 წელს დაინიშნა გენერალური შტაბის J-5/9 დეპარტამენტის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილების უფროს ოფიცრად, 2014 წელს დაეკისრა სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის G-5/9 სამხედრო-სამოქალაქო და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოვალეობა, იმავე წელს დაინიშნა J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს საბრძოლო მომზადების დაგეგმვის განყოფილების უფროს ოფიცრად, ხოლო 2015 წლიდან დაეკისრა ამავე დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის მოვალეობა. 2016 წლიდან იყო J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსი. 2020 წელს დაინიშნა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს უფროსად.

2021 წლის 15 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:

2008 - მედალისაქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“ III ხარისხი;

2014 - მედალისაქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“ II ხარისხი;

2015 - მედალისაქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“ I ხარისხი;

2020 - მედალი „სიცოცხლის გადარჩენისათვის“;

2021 - სამსახურეობრივ-საშტატო იარაღი GLOCK -21;

2021 - მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.