ლიანა ჯერვალიძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში

 


 

ლიანა ჯერვალიძე დაიბადა 1958 წელს ქ. თბილისში.

1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი;

1982 წელს – საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი. იგი არის საერთაშორისო ურთიერთობისა და  ფრანგული ენისა და ლიტერატურის მაგისტრი;

1995 წელს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში (ვაშინგტონი) გაიარა ტრენინგი – საქართველოს საერთაშორისო კონვენციებზე მიერთების სამართლებრივი ასპექტები;

1998 წელს მიწვეული იყო ვაშინგტონში ჯორჯ კენანის რუსულ კვლევათა ცენტრში (Kennan Institute of Advanced Russian Studies,  Washington DC) მკვლევარად თემაზე „კასპიისპირეთის ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტი და უსაფრთხოების საკითხები სამხრეთ კავკასიაში“;

2006 წელს მიწვეული იყო დიდ ბრიტანეთში  რედინგის უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების პროექტში (Reading University Business School Eurasia Studies Project, UK.) კასპიისპირეთის რესურსების და ტრანზიტის საკითხებზე;

2016 წელს მიწვეული იყო სტუმარ მკვლევარად შვედეთში უპსალას უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების ცენტრში ირანის გახსნის შემდეგ სამხრეთ კავკასიის გავლით ჩრდილოეთ/სამხრეთის სატრანსპორტო ღერძის პოტენციალის შესწავლის საკითხებზე.

2019 წლამდე იგი რეგულარულად გამოდიოდა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე საქართველოს ტელევიზიითა და რადიოთი, ასევე ამერიკის ხმის, რეიტერსის და რადიო თავისუფლების სივრცეში.

ლიანა ჯერვალიძეს დიდი შრომა აქვს გაწეული საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების (გაზით მომარაგების უსაფრთხოება), ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონულ ასპექტების თემაზე, საქართველოს პოზიციონირებაზე ენერგოგაერთიანებაში სრული გაწევრების მოლაპარაკებების პროცესში და სამხრეთული გაზის კორიდორის განვითარების საკითხებზე. იგი პერიოდულად მონაწილეობს და სიტყვით გამოდის როგორც დამოუკიდებელი ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიტიკოსი ალმატის, აშხაბადის, ბაქოს, სტამბულის, ბერლინის, ფრანკფურტის, კატოვიცეს, ვარშავის, ბუქარესტის, ლონდონისა და ვილნიუსის საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც ეძღვნება სამხრეთული გაზის დერეფნის განვითარების საკითხებს.

1992 წლიდან შრომითი საქმიანობა დაიწყო, როგორც დამოუკიდებელი კერძო კომპანიების – „მერმისისა“ და „დრონის“ – უცხოური საინფორმაციო პროგრამების პროდიუსერმა;

1993-2005 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ინსტიტუციაში, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში, USAID-ის კონტრაქტორებთან (OSC and IRIS) და ისეთ კვლევით ცენტრებში, რომლებიც მუშაობდნენ  რეგიონული ენერგეტიკული პოლიტიკის და ტრანზიტის პოლიტიკის სტრატეგიულ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ასპექტებზე, მათ შორის არის: კასპიისპირეთის ენერგეტიკული კვლევების პროექტი PSI საქართველო, საქართველო-აზერბაიჯანი ტრანსპორტი და განვითარება (Azerbaijan-Georgia Transport and Development Co) ბაზირებული ბაქოში, აბრეშუმის გზის კონსალტინგი (Silk Road Consulting) ბაზირებული თბილისში;

2006 წლის ივლის-დეკემბერში ლიანა ჯერვალიძე იყო USAID-ის იმ პროექტის უფროსი ანალიტიკოსი, რომელსაც ავითარებდა Core International Georgia (2006–2007); იგი ექსპერტთა გუნდთან ერთად მუშაობდა გაერთიანებული ნავთობისა და გაზის კორპორაციის ბიზნესგეგმაზე (გაზსაცავის ნაწილში);

2007-2008 წლებში მუშაობდა როგორც ექსპერტი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმისა და იმპლემენტაციის საკითხებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტში BP-ს დაფინანსებით;

2009-2010 წლებში იყო ნორვეგიის ატლანტიკური საბჭოს (Norwegian Atlantic Committee) მიერ დაფინანსებული მედიის განვითარების, ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პროექტის დირექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

დღემდე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის, 2007- 2008 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც ხელმძღვანელობდა სამაგისტრო ნაშრომებს ევროკავშირის და საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის და რეგიონულ საკითხებზე;

2009–2010 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „კავკასიის მედია, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის“ პროექტის დირექტორი;

2014-2016 წლებში – საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი თემაზე „ენერგეტიკული პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები, რეგიონული განვითარება ევროინტეგრაციის და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით“;

2019 წლიდან არის ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

2009-2020 წლებში ლიანა ჯერვალიძე, როგორც მიწვეული სპეციალისტი კონტრაქტით მუშაობდა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მკვლევარ-ანალიტკოსად. მისი კვლევის საგანი იყო საქართველოს გაზით მომარაგების უსაფრთხოებისა და სამხრეთული გაზის კორიდორის განვითარების საკითხები.

ლიანა ჯერვალიძე არის ავტორი კვლევისა „რუსეთის ენერგეტიკული და რეგიონული პოლიტიკა - გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და რეგიონულ ინტეგრაციაზე“. კვლევა მომზადდა გლობალური ბაზრების კვლევის ცენტრის მიერ (Global Market Briefings - www.globalmarketbriefings.com), გლობალური უსაფრთხოების ანალიტიკურ  ინსტიტუტთან (The Institute of the Analysis of Global Security) და როსნერის ჯგუფთან (Rosner Group) თანამშრომლობით და მხარდაჭერით.  

აგრეთვე არის არაერთი პუბლიკაციისა და პრეზენტაციის ავტორი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ტრანზიტის საკითხებზე.

2020 წლის 15 ოქტომბრიდან ლიანა ჯერვალიძე დაინიშნა კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და სატრანზიტო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად.

ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილი.

ფლობს რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ და თურქულ ენებს.