საქართველოს პრეზიდენტი - ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია

ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს: დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ღონისძიებას პრეზიდენტის მოწვევით ესწრებოდა ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია. 

სალომე ზურაბიშვილი ორი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ერთიანი მემორიალისა და სიძულვილის ენის გამოყენებაზე მორატორიუმის გამოცხადებას შეეხებოდა.

„მინდა, პირველ რიგში, მოგესალმოთ თქვენ, ქალბატონო მანანა. რამეთუ თქვენ აქ წარმოადგენთ თქვენს მეუღლეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს და ამ დღის ავტორს. თუ არა მისი გადაწყვეტილება, რომ ჩატარებულიყო რეფერენდუმი, ალბათ არც შემდეგს არ მივიღებდით, ანუ იმ დამოუკიდებლობის აქტს, რომელმაც დაარსა თანამედროვე საქართველო. არავის აქვს უფლება, ეს უზარმაზარი დამსახურება დაივიწყოს!

მე მინდა ასევე მივესალმო აქ მყოფ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. რამეთუ ამ 30 წლის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა. ეს დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ კიდევ გვჭირდება ეს მხარდაჭერა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით - პოლიტიკურად, სტრატეგიულად, ეკონომიკურად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად ვართ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

მივესალმები აქ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენ, ვინც მობრძანდით. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს აქ, პრეზიდენტის სასახლეში, ამდენი ცარიელი სკამია, მაშინ როცა ჩვენ აღვნიშნავთ ერთიანობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს და ისტორიულ დღეს. კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ამ პარტიების ნაწილი მოდიოდა, თუნდაც ნახევარი საათის წინ და ბოლო წუთში რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორსაც ვისურვებდით რომ იყოს ყველა პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში.

ასევე, სამწუხაროა იმიტომ რომ, მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები: - რატომ არ თამაშობს პრეზიდენტი მედიატორის როლს? მეც ვეთანხმები იმაში და ეს ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ ჩვენთვის და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. მაგრამ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ეს მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია.

როგორც წინა წლებში, მე მინდოდა მომეწვია აქ უზენაესი საბჭოს წევრები, რადგან მათი ადგილი დღეს ნამდვილად აქ არის, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, არ მქონდა საშუალება, რომ ყველა მომეწვია და ძალიან ძნელი იქნებოდა, რომ მე რაღაც არჩევანი გამეკეთებინა და ამიტომ მინდა, რომ ჩათვალოს ყველა მათგანმა, რომ დღეს აქ ჩვენთან ერთად არიან, მათი ადგილი აქ არის და მათი ადგილი ნამდვილად არის საქართველოს ისტორიაში.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აქ დავპატიჟეთ ახალგაზრდული პარლამენტის რამდენიმე წარმომადგენელი და ძალიან მიხარია, რომ ისინი აქ იმყოფებიან, როგორც ჩვენი მომავალი თაობის სიმბოლო, რომელიც სრულად იზიარებს ამ დღეს. ეს დღე მათთვის კიდევ უფრო საკრალური უნდა იყოს, რადგან ის ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყნის გარანტიაა. 

მე მინდა ორი ინიციატივა წარმოვადგინო:

ინიციატივით გამოვდივარ შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაციაც დღეს მიმდინარეობს. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლებს მათთვის პატივის მიგებას, სადაც საშუალება გვექნება ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვასწავლოთ 100 წლის ბრძოლების ისტორია, ადგილი, სადაც უცხოელ სტუმრებს, ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანთ მათთვის პატივის მისაგებად. 

რაც დღეს ხდებოდა 9 აპრილის მემორიალთან და რაც ხდება სამწუხაროდ, ყოველ წელს მე მგონი სრულიად მიუღებელია, რადგან ეს არ არის ფორმა, რითაც ჩვენ უნდა მივაგებდეთ მათ პატივს, ამიტომ უფრო შესატყვისი ადგილი და ფორმა მოინახოს ამისთვის.  

ამის ინიციატივის შესახებ დღეს გაიგზავნა წერილი მთავრობასთან, თბილისის მერთან და იმ მინისტრებთან, რომლებიც არიან ამაზე პასუხისმგებელი.

მეორე ინიციატივა, რომელიც დღევანდელ დღეს დაამშვენებს, ყველასთვის საჭიროა და რომელიც არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნაა არის ის, რომ მოვიდა დრო სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენის გამოყენებაზე მორატორიუმის გამოცხადებისა. მე მინდა, თქვენ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს აქ არ იმყოფებიან მოვუწოდო თავი შევიკავოთ ამისგან. მე მგონი ამით შეიცვლება ქვეყანაში ატმოსფეროც და განწყობებიც.

ჩვენ განწყობის ქვეყანა ვართ და ეს განწყობა რომ შეიცვლება, უფრო სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს და მომავალს. მე მგონი, ეს ყველაფერი ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს ორბელიანების სასახლეში გამოსაფენად საჩუქრად გადაეცა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსიები, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელნაწერი ჩასწორებებით და ასევე, სახელმწიფო გერბი, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში იყო განთავსებული.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯონი ხეცურიანს პირველი პრეზიდენტის ხელნაწერების გადაცემისათვის, ასევე, მანანა ძიძიგურს, რომელმაც მისი მეუღლის ანდერძი შეასრულა და საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა.

დღესვე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დათა ვანიშვილი სახელმწიფო ჯილდოთი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის დაჯილდოვდა.

„დავით ვანიშვილი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში და იგი არის სიმბოლო იმ უსამართლობისა და იმ გაუსაძლისი მდგომარეობისა, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. დღეს, 9 აპრილს, სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მინდა მის ოჯახს ეს მედალი გადავცე, როგორც ნიშანი ჩვენი უდიდესი პატივისცემისა და ჩვენი იმედისა, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანდება, ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან და არ ექნებათ იმის აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ! დღეს, ამ მომენტში, მინდა ხელახლა ვახსენო ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ენგურზე გადასვლისას. ესეც ის ძალიან დიდი უსამართლობაა, რომელიც უნდა დასრულდეს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოვალეობა რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძლოთ და ამისთვის ერთიანობაა აუცილებელი. ასეთი თარიღები და სიმბოლოები გვაერთიანებს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მხოლოდ ასეთ სიმბოლოების ირგვლივ კი არ ვიქნებით გაერთიანებული, არამედ გავერთიანდებით ქმედითი ნაბიჯების ირგვლივ და ამით დავძლევთ ჩვენი ქვეყნის ყველა დღევანდელ გამოწვევას“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.